12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა ეყრდნობა ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ.
ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმის პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. გარდა ამისა, კოალიცია მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატები სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.
ხედვის შემუშავებაში ჩართული იყო: საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რონდელის ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სასამართლოს გუშაგი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საფარი.
8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი.
ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციაში ნათქვამაი, რომ საქართველომ დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.