სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. ის ფორმულასთან ჰყვება, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოჯახთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. მისი თქმით, დაახლოებოით, 4-ის 20 წუთზე საშინელი ხმაური გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს, რომ მეწყერმა 10-მდე ხე მოგლიჯა.
"ვერტმფრენი რომ თავზე გეცემა, დაახლოებით, ასეთი ხმა იყო და მახსოვს, ეს გავიფიქრე კიდეც, რომ აქ ვერტმფრენს რა უნდა? და ვიფიქრეთ, ვერტმფრენი ხომ არ ვარდება? უცებ დავინახეთ, რომ 10 ხე მოწყდა და მოდის ჩვენკენ, იმ ხის ძირში ვიყავით, ფაქტობრივად, რომელიც მოწყდა.
ჩემმა მეუღლემ ჩემი შვილი აიტაცა ხელში და დავიწყეთ ქვემოთ გაქცევა, გავრბოდით ქვემოთ, მამისონის კოტეჯების მიმართულებით დავეშვით, დაახლოებით. ჩვენი სახლი უნდა გაგვევლო ყველა ვარიანტში და სანამ ამ სახლს ჩავუვლიდით, გზაში დავეცი, ორმოში, ქვას ჩამოვარტყი, ამ დროს მოვახერხე ერთი წამით უკან გახედვა და მივხვდი, რომ დაახლოებით, 5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს ის მომენტი, მახსოვს, რომ მერე ღობეზე უნდა გადავმხტარიყავით, იმიტომ, რომ გასაქცევი არ გვქონდა და ამ ღობეზე პირველ რიგში ბავშვი გადავახტუნეთ, შემდგე ჩვენ.
მივედით კალცის წყაროს ხიდთან, როგორც კი მივედით, პირველი ნაკადი ტალღა რაც მოდიოდა, ხიდმა გადაგვარჩინა იმით, რომ ეს გაატარა, როგორღაც მოერია და იმ მხარეს წაიღო, საითაც ჩვენ გავრბოდით. მივხვდით, რომ მეორე ტალღა, საშინელი, უზარმაზარი, დაახლოებით, 4 მეტრამდე ტალღა გვიახლოვდებოდა, ვხედავდით ამას და გადმოვედით ხიდიდან. ამ დროს ხიდზე ჯებირები დაგლიჯა, ხეები მოწყვიტა, კალცის მხარე სულ წაიღო და იქ ვინც იყვნენ - არ მახსოვს ადამიანები სახეზე, მაგრამ მახსოვს, რომ იყო ხალხი კალცის წყაროზე - ალბათ, იმ ხალხმა მოასწრო, შევიდნენ ტყეში და ვინც ვერ მოასწრო, ახალგაზრდა წყვილი იყო, ერთი ქალბატონი იყო, მეწყერმა მთლიანად წაიღო. ხეზე აცოცდნენ ეს ახალგაზრდა წყვილი და წაიღო ხიანად.
ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ ამ ხიდიდან გადმოსვლა და იქ, სადაც პირველი ტალღა მეწყერი ჩამოწვა, იმაზე დავიწყეთ აცოცება, ვფიქრობდით, რომ მეორე ტალღას უნდა ავრიდებოდით, მაგრამ დაგვარტყა მეორე ტალღა, დაახლოებით, 3-4 მეტრო იყო - ჩემი ქმარი ზურგიდან დაუდგა, ბავშვი ხელში დაიჭირა, მე წინიდან დავუდექი და ვცდილობდი, ხელებით გამეკავებინა, იქ რომ წავქცეულიყავით, ჩვენც ჩვეულებრივად წაგვიღებდა და არაფერი აღარ დარჩებოდა ჩვენგან.
მეორე ტალღიდან როგორ გამოვძვერით არ მახსოვს, ვცდილობდით ამ ღვარცოფისგან შექმნილ პატარა კუნძულზე აძრომას, ერთი ნაბიჯით მოვასწარით, ერთი ნაბიჯით აგვცდა მესამე ტალღა, რომ ისევ არ ჩავეთრიეთ და არ ჩავეტანეთ. ტალღები გაგრძელდა, იყო დაახლოებით მე-5, მე-6, მერე კალაპოტი შეიცვალა", - იხსენებს ის.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.