პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია - ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და მიუთითებს, რომ მათ მთავრობას 27 აპრილს მიმართეს.
"15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.
27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილს ვიზიტი თავდაპირველად 18 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი" იყო.