3 პოლიტიკური კოალიცია საქართველოში ვიზიტით მყოფ PACE-ს დელეგაციას შეხვდა

3 პოლიტიკური კოალიცია საქართველოში ვიზიტით მყოფ PACE-ს დელეგაციას შეხვდა

3 პოლიტიკური კოალიცია საქართველოში მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციას შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიციების ლიდერებმა განაცხადეს, კლოდ კერნთან და ედიტ ესტრელასთან საუბარი ჰქონდათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე მომიტინგეებზე ძალადობის შემთხვევებსა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.

"ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან და სწორედ ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე. [...] მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება", - თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

"დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი, რატომ არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები, გვქონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვაა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას და მათ შორის, არა მხოლოდ ახლა, არამედ გასული წლების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე ეს ქვეყანა ფაქტობრივად არასდროს ყოფილა გასული წლების მანძილზე',- თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

"ჩვენი ამოცანა იყო მათთვის მიგვეწოდებინა და მივაწოდეთ ანგარიში, რომელიც მოიცავს იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს 28 ნოემბრის შემდეგ პოლიტპატიმრების შესახებ. ის შემთხვევები, თუ როგორ შეთხზა და შექმნა ქართულმა ოცნებამ ძალადობის ანგარიშები და რის საფუძველზე არიან დაპატიმრებულები. მივაწოდეთ ასევე ინფორმაცია, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები, იმიტომ რომ ეს უნდა აისახოს ასევე იმ ანგარიშში, რასაც ისინი დაწერენ. და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ არ მიიღოს ე.წ უფლებამოსილება ევროსაბჭოში", - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.