საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8%-ით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
მიმდინარე წლის 5 თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).