ზურაბიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარი "რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება"

ზურაბიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარი "რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება"

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, "რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირისგან ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", უპასუხა, რომ "ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის".

CBS NEWS-ის ჟურნალისტმა ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებზეც ისაუბრა, რასაც ქართული ოცნებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, "ჰგავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის დაინტერესებული EU-ში გაწევრიანებით?", რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის კითხვა, რომელსაც სვამს მთელი მოსახლეობა - ნამდვილად სურთ მათ [ქართულ ოცნებას] ეს [ევროკავშირში ინტეგრაცია], თუ ეს ცარიელი სიტყვებია".

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, "გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში?". ზურაბიშვილის აზრით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო - ის საუბრობს იმაზე, რომ 5 წელია პრეზიდენტია და არ ჰქონია შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტთან თუ ვიცე-პრეზიდენტთან, მათ შორის, არც სატელეფონო კომუნიკაცია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან განცხადებები, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის EU-ის კანდიდატის სტატუსს, მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რას გულისხმობს პრეზიდენტი "მეტად საჯარო მხარდაჭერის ჩვენებში", ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის. EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.