საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია.
"მე როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. და საერთოდ ოპტიმიზმი ამართლებს და მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგა ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და თავისი დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ნამდვილად", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
"ასევე, მე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს 3 ადამიანი თუ ჩამოდის ამ მომავალი თვეების მანძილზე, ამ 6 თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია, რომ "მოვიქცეთ ცუდად". ეს არის ყველას ერთად გასაკეთებელი. იმასაც დავამატებდი, რომ ვისაც ჰგონია, რომ ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ", - აღნიშნა მან.
დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.