ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით

ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ მოწვევა რესპუბლიკელი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მიიღო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

"არავინ აღიარებს არჩევნებს და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. ეს ცხადია, კიდევ უფრო იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ, სხვებსაც, ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს მეტი თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე.

მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან", - თქვა პრეზიდენტმა.