
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორებს მიაწოდა გზავნილი, რომ საქართველოში დღეს მთავარი გამოწვევა მანიპულაციაა, რომელიც არჩევნებზე მოხდა.
ეს განცხადება მან ფორმულასთან ინტერვიუში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, ქართულმა ოცნებამ თავად ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ის ამბობს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ან რეჟიმის ჩამოშლა ან ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში პარტნიორებთან მოთხოვნაა, დაგვეხმარონ ხელახალი და დაცული არჩევნების მომზადებაში, რათა არ განმეორდეს მანიპულაციები.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გაიგეს, ძალიან კარგად ის გზავნილი, რომელიც ეხება არჩევნების მანიპულირებას, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის მთავარი გამოწვევა დღეს. ერთია, რომ ვაჩვენოთ, რა მოხდა და დაგვეხმარონ იმის გაგებაში, რა მოხდა და მე ამაზე მქონდა საუბარი ესტონელებთან, ვინც გათვითცნობიერებული არიან ამ ტექნოლოგიურ სისტემებში და როგორ ჩატარდა ეს მრავალფორმიანი გაყალბება არჩევნების, რომელიც ჯერ ბოლომდე არაა შესწავლილი და მეორეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, იმიტომ რომ ჩვენ გველოდება არჩევნები, უნდათ, არ უნდათ ამას, არჩევნები დაინიშნება და მე არ გამოვრიცხავ, თვითონ დანიშნონ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია არსად.
ასეთ კრიზისში შესული ქვეყანა, სადაც 4 თვეა არავინ გაღიარებს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გაღიარებენ იდეოლოგიური მიზეზების გამო, რეალურად აღიარება არ არსებობს, რეალურად, ქართული ოცნება არის მთლიანად იზოლირებული, გარეთ თუ გადიან ან ქვეყნის შიგნით თუ ვინმე მოდის, ეს იმისთვის, რომ ხელის ჩამორთმევის კადრები დადონ თავიანთი მომხრეებისთვის. ეს სიტუაცია ნიშნავს, რომ აქედან გამოსვლა ხდება მხოლოდ ან რეჟიმის ჩამოშლით, თუ ბოლომდე წავიდნენ ან დანიშნავენ თავად არჩევნებს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პარტნიორებთან არის ის, დაგვეხმარონ იმაში, მოვამზადოთ ეს არჩევნები და დაცული იყოს ხელახლა არ მოხდეს იმ მასშტაბის მანიპულაცია, რაც მოხდა. ამისთვის გვჭირდება ყველას დახმარება და ეს ქვეყნები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.