საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ და ქართველმა ხალხმა, როგორც გასულ წლებში, ასევე ბოლო დღეების განმავლობაში დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი ურყევი ერთგულება.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს საზოგადოების 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია და უალტერნატივო მიზანია EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.
"ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არა ერთხელ, გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.
გასული ათწლეულის მანძილზე, საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა, საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე - ეს არის დიდი მიღწევა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ხმა მთელი ქართველი ერისა", - განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.