საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს "უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო" და გამოიყენონ ის ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
ჟურნალისტის თქმით, დასავლეთში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს დასავლეთში. ამაზე პრეზიდენტი პასუხობს, რომ "ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით."
"ჰო, მე ვიცი ეს, მაწუხებს ეს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. მაგრამ ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ნამდვილად არ არის [ის საკითხი] რომელიც ამ ზიანს შეცვლის.
მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო.
არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს."- აცხადებს ზურაბიშვილი.