ეს ბულინგი არ მგონია იყოს, ესაა გამოხატვის უფლება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჟურნალისტებს აქვთ ეთიკის ვალდებულება და საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოება შეიძლება პროტესტით გამოვიდეს, შეიძლება, იჩხუბოს, შეიძლება ინერვიულოს, გაბრაზდეს. ეს საზოგადოებაა. [...]
თუ ბულინგზე ვილაპარაკებთ, ყველას აქვს მოთმინების ვალდებულება. მე მგონია, რომ ჩემზე რაც იქნა ნათქვამი ბოლო 6 წლის თუ 13 წლის მანძილზე, ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი იქნა დაწერილი და ყველაფერი იქნა ნათქვამი სხვადასხვა არხზე და მეტიც, რაც მიუღებელია და იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ რაღაცას, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ა.შ. მთავარი ბულინგია იმაზე, რომ ბებერი არისო. მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა.
თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ეს ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო, იმიტომ რომ ეს არაა მთავარი. ესაა ჩვენი ვალდებულება ყველასი, ვინც ვართ თანამდებობებზე, რომ მოვითმინოთ ბულინგი იქნება, კრიტიკა თუ ლანძღვა.
მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ ყველამ უნდა მოვითმინოთ. რაც არ უნდა მოვისმინო მე ჩემს თავზე, მაინც ვთვლი, რომ უფრო ღირებულია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა, იმიტომ რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ძალიან ძნელი ასატანია, უზრდელობა არის, მიუღებელია ზოგჯერ. მაინც თავისუფლება, თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინოთ ამის გამო.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში.