
ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ, მაგრამ რეალურად დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, რომელიც აქ არ დგას. საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც არ არსებობს სასამართლო, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, პროკურორი, რომელიც სხედან ამ დარბაზში, არ ვიცი, რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს, ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში და ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ.
თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.