ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე: ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება

ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე: ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო: აქ დაცული არ არის არც ერთი პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობა, და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი, ვინ დაუწერა; არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს - ამას უნდა ვუყურებდეთ.

აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს, ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც MEGOBARI Act-ის შედეგებს დაალაგებს, და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი.

ძალიან მაინტერესებს, ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია - ნაკლებად სცალია. მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა - ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება: ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე.

და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება - არ ვიცი. მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.