დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ აქ მოსულიყვნენ ან ოცნების წარმომადგენლები ან თავად ივანიშვილი, რათა ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოგვეძებნა - ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი მაშინ, როცა ქვეყანა გიყვარს. როგორც ხედავთ, აქ არავინ მოსულა. ნაცვლად ამისა, პასუხი მუქარა, რეპრესეიბი, ძალადობა, ცინიზმი და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი იყო. პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება.
იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ
განაცხადა საქართველოს ერთადერთმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.