საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მის მიმართ ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაზარალებულად ცნეს.
ქორიძემ ფორმულას ეთერში აღნიშნა, რომ შერატონის მხრიდან კადრების მოწოდების პრობლემა კვლავ არის.
"დღეს აჭარის პროკურატურიდან მაცნობეს, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი. შესაბამისად ყველა იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი, რაც ასეთ სისხლის სამართლის საქმეში აქვს დაზარალებულს.
ისევ არის პრობლემა კადრების მოწოდების, რომელსაც შერატონ ბათუმი ფლობს და რამდენადაც ვიცი, არც ბატონ გახარიას მიუღია ეს კადრები და არც მე", - განაცხადა ქორიძემ.
ბათუმში, სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.