ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის ტემპი მალე გაიზრდება

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის ტემპი მალე გაიზრდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის ტემპი მალე გაიზრდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა. Aspen-ის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა და მისი ტემპი იყო.

"ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როცა რელევანტური მოქმედებების დაჩქარება შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ უკვე ვადგენთ ზოგიერთი ნაღმის ლოკაციას და ამ ადგილებში განაღმვით სამუშაოებს ვატარებთ" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ რუსეთის ძალების უკან დახევის ოპერაცია არასაკმარისი შეიარაღების, ტყვია-წამლის და არასათანადოდ გაწვრთნილი ბრიგადების გამო დაგეგმილზე გვიან დაიწყო. ამ დროში კი რუსეთმა ნაღმების დამონტაჟება და თავდაცვითი ხაზის გაძლიერება შეძლო.

თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება. მან პარტნიორ ქვეყნებს მეტი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის და საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ კვლავ მოუწოდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კიევი სრულად მოაბილიზებს თავის ძალებს.