
უნგრეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელიც პასუხისმგებელია „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 28 აგვისტოს განაცხადა.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება, სულ მციმრე სამი თავდასხმა განახორციელა, რამაც დროებით შეაფერხა მისი ფუნქციონირება.
მიუხედავად იმისა, რომ სიიარტომ აკრძალვის ადრესატი მეთაურის სახელი არ დაასახელა, ბალაზ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, უნგრულ საინფორმაციო გამოცემას დაუდასტურა, რომ ეს ზომა მიმართულია რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის წინააღმდეგ.
ბროვდიმ, რომელიც უნგრული წარმოშობისაა და ცნობილია ზედმეტსახელით „მადიარი“, დაადასტურა, რომ მის დანაყოფს ეკისრება პასუხისმგებლობა „დრუჟბაზე“ განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ შორის 21 აგვისტოს განხორციელებულ ბოლო იერიშზე, რომლის სამიზნეც ბრიანსკის ოლქში მდებარე უნეჩას სატუმბი სადგური იყო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს თავდასხმა „უნგრეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ამან საფრთხე შეუქმნა უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თითქმის გვაიძულა სტრატეგიული რეზერვების გამოყენება“.
„უკრაინამ ძალიან კარგად იცის, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგებისთვის და რომ ასეთი თავდასხმები ჩვენ ბევრად უფრო გვაყენებს ზიანს, ვიდრე რუსეთს“, — განაცხადა სიიარტომ X-ზე.