ზელენსკი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩო მომავალ კვირას ქაღალდზე იქნება დატანილი

ზელენსკი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩო მომავალ კვირას ქაღალდზე იქნება დატანილი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიებზე წინასწარი მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ერდოღანს თურქეთის მხარდაჭერისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ და დაამატა, რომ განიხილეს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად განსახორციელებელი შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯები.

„ჩვენ ასევე ვრცლად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ახლა მუშაობენ თითოეულ კონკრეტულ კომპონენტზე და მთელი ჩარჩო მომავალ კვირას ქაღალდზე იქნება დატანილი“, — დასძინა მან.

ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ერდოღანი უსაფრთხოების გარანტიების მომზადების პროცესში თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერსაც რთავს, რათა „გამოიკვლიოს, როგორ შეუძლია თურქეთს ხელი შეუწყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით შავ ზღვაში“.