
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებიც რუსული აგრესიის დანაშაულის გამო სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმება უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმდა.
“ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც რუსული აგრესიის დანაშაულის გამო სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
ამ შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი ჩვენს სახელმწიფოსა და ევროპის საბჭოს შორის და ახლა საჭიროა მისი სწრაფი რატიფიცირება, რათა ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყოს. მე დავავალე, რომ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადონ და უმოკლეს ვადაში უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინონ, რათა ჩვენს მხარეს ყველაფერი სრულად მზად იყოს შეთანხმების განსახორციელებლად.
მივმართავ პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ ამ საკითხზე.
ასევე, ველი, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისის გუნდები პარტნიორებთან მუშაობის გეგმას სწრაფად წარადგენენ და ტრიბუნალის ოფიციალურად ამოქმედების პროცესი დაიწყება.
რუსეთმა უკვე ამ წელს უნდა იგრძნოს, რომ აგრესიის დანაშაულისთვის მისი პასუხისმგებლობა გარდაუვალია და საერთაშორისო სამართლებრივი პროცესი მართლაც დაიწყო. აგრესია დანაშაულია, და ამ დანაშაულისთვის რუსეთის რეალური და გარდაუვალი სასჯელი გლობალური მნიშვნელობის საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მშვიდობიან ცხოვრებას ესწრაფვის", - წერს ზელენკი.
ზელენსკის თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში და მსოფლიოსთვის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში.