ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს დამოუკიდებლობას უბრუნებს

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს დამოუკიდებლობას უბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ორ ძირითად ანტიკორუფციულ ბიუროს დამოუკიდებლობა უბრუნდება.

აღნიშნული კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა 31 ივლისს დაამტკიცა (331 მომხრე, 0 წინააღმდეგი).

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კანონმდებელს ჩემი კანონპროექტის, ახლა უკვე კანონის, მიღებისთვის. მე ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს და ტექსტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონი ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და ყველა სამართალდამცავი ორგანოს დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის ყველა შესაძლო გარანტიას ქმნის.

***

შეგახსენებთ, რომ მთელი უკრაინის მასშტაბით სპეცოპერაციები ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) 21 ივლისს ჩატარდა, რაც უწყებაში "რუსული გავლენის ნეიტრალიზაციას" ემსახურებოდა.

22 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე იქნებოდნენ დამოკიდებული.

აღნიშნულ კანონპროექტს იმავე დღესვე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ, უკრაინის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქედან გამომდინარე, 23 ივლისს ზელენსკიმ დადო პირობა, რომ უკრაინის პარლამენტში წარადგენდა კანონპროექტს, რომელიც იქნებოდა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტორი.