უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია.
"ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს. შესაძლოა, სადგურზე თავდასხმის სიმულაციის მიზნით. ალბათ, მათ სხვა სცენარი აქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ"- თქვა ზელენსკიმ.
4 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საუბარია ზაპოროჟიეზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ZNPP-ის მესამე და მეოთხე ენერგობლოკის გარე სახურავზე განთავსდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი უცხო ობიექტები.
შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათმა აფეთქებამ არ უნდა დააზიანოს ელექტროსადგურები, თუმცა შესაძლოა შეიქმნას უკრაინიდან დაბომბვის სურათი.
***
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.
6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.