უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციები მოაწყონ. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი.

"ოპერატიული ინფორმაციით, დღეს ZNPP-ის მესამე და მეოთხე ენერგობლოკის გარე სახურავზე განთავსდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი უცხო ობიექტები. მათმა აფეთქებამ არ უნდა დააზიანოს ელექტროსადგურები, თუმცა შესაძლოა შეიქმნას უკრაინიდან დაბომბვის სურათი. ამასთან დაკავშირებით მედიასა და ტელეგრამების არხებში დეზინფორმაცია ვრცელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების წესებს, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და მზად არიან, იმოქმედონ ნებისმიერ პირობებში.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ გააფრთხილა მაკრონი "ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციების მომზადებასთან დაკავშირებით" და დასძინა, რომ სიტუაციას მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანს.

ამასთან, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებებზე".

ამასთან, ზელენსკიმ გააჟღერა შეიარაღებული ძალების ინფორმაცია და თქვა, რომ ოკუპანტები, სავარაუდოდ, ატომურ ელექტროსადგურზე "ზემოქმედების სიმულაციისთვის" ემზადებიან.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ელექტროსადგურის სახურავზე რუსმა სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს. სავარაუდოდ, სადგურზე ზემოქმედების სიმულაციისთვის. შესაძლოა, სხვა სცენარიც ჰქონდეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

***

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.