უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ ვილნიუსში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიგნალს არ მიიღებენ, სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამის შესახებ მან Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"თუ ვილნიუსში სიგნალს არ მივიღებთ, მჯერა, რომ ამ სამიტზე უკრაინის ყოფნას აზრი არ აქვს", - განაცხადა მან და დაამატა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა უკრაინა მსგავს სიგნალს.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შიშის გამო, NATO-ში ზოგიერთი უკრაინის მიღების წინააღმდეგია - უკრაინის პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ომის მიმდინარეობის დროს NATO-ში გაწევრიანებას არ ელის, თუმცა ომის შემდეგ გაწევრიანების შესახებ დაპირების მიღება სურს.
მისივე თქმით, იარაღების მიწოდების გამო დასავლური ქვეყნების მადლიერია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მიწოდება უნდა იყოს ბევრად სწრაფი და უფრო დიდი რაოდენობის.
მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევაზეც და თქვა, რომ კიევი მის დასაწყებად უკვე მზად არის. მისი განცხადებით, ეს, შესაძლოა, ბევრი მიმართულებით განვითარდეს, თუმცა უკრაინა წარმატებაში დარწმუნებულია.