ზელენსკი ტრამპსა და ვენსსთან კამათზე: კარგი არ იყო არც ერთი მხარისთვის

ზელენსკი ტრამპსა და ვენსსთან კამათზე: კარგი არ იყო არც ერთი მხარისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსთან მწვავე დიალოგისა და თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, Fox News-თან პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ის, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა "კარგი არ იყო არც ერთი მხარისთვის".

ასევე, ზელენსკიმ, იმის შესახებ ისაუბრა, რომ საჭიროა უკრაინის პოზიციის გაგება და არავის სურს ისე ამ ომის დასრულება, როგორც თავად უკრაინას.

"ჩვენზე [უკრაინელებზე] მეტად არავის სურს ამ ომის დასრულება, რადგან უკრაინაში, ჩვენ ამ ომში ვართ. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში და ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

მხოლოდ ამას ვამბობ, მე ვფიქრობ, რომ [ჩვენ და აშშ] ერთ მხარეს უნდა ვიყოთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ჩვენ. მხარესაა. ძალიან მნიშვნელოვანია შევაჩეროთ პუტინი. პრეზიდენტ ტრამპისგან ბევრჯერ გავიგე, რომ ის ომს შეწყვეტს და იმედი მაქვს, შეწყვეტს", - თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.

Fox News-თან პირდაპირი ეთერის დროს, ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა - "ფიქრობთ თუ არა, რომ პრეზიდენტს ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოთ?", რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ "დარწმუნებული არ არის იმაში, რომ რამე ცუდი გააკეთეს"

"არა, მე ვცემ პატივს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე ცუდი გავაკეთეთ. ალბათ, ზოგჯერ გარკვეული საკითხები მედიისგან მოშორებით უნდა განვიხილოთ", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლიერია დონალდ ტრამპისა კონგრესის ოპერატიული მხარდაჭერისთვის. ასევე, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხის სახელით ყოველთვის მადლიერი იყო და აშშ-მა ბევრი გააკეთა უკრაინისთვის.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ის ყოველთვის ღიაა მედიასთან, მაგრამ უკრაინელების დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ ვერ შეცვლის.

"მე ყოველთვის ღია ვარ მედიასთან, მაგრამ არსებობს ძალზედ სენსიტიური თემები. მე ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი. ევროპელები ჩვენი მეგობრები არიან, ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან, რუსეთი კი მტერია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტ ბრეტ ბეარის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ზელენსკი იმას, რომ ტრამპთან ურთიერთობის გადარჩენა შესაძლებელია, ზელენსკი პასუხობს, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტებს არ ეხება და ეს ძლიერი ისტორიული კავშირია.

"დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტებს არ ეხება. ეს არის ისტორიული ურთიერთობა, ძლიერი კავშირი ჩვენს ხალხებს შორის. ამიტომაც ყოველთვის ვიწყებ მადლობის თქმით თქვენი ხალხის მიმართ, ჩვენი ხალხის სახელით.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და კონგრესსაც, მაგრამ პირველ, რიგში თქვენს ხალხს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ის ეთერში.

***

გუშინ, 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და პრესკონფერენციის დროს, როცა მხარეები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს განიხილავდნენ, სიტუაცია დაიძაბა.

პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ "ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი".

"ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ", -ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს.

ამის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.