ზელენსკი: რუსეთის ყოველი იერიში საკმარისი მიზეზია კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის

ზელენსკი: რუსეთის ყოველი იერიში საკმარისი მიზეზია კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსების მიერ გახშირებულ იერიშებს ეხმაურება.

მისი თქმით, რუსებმა გასულ ღამეს 300 უპილოტო საფრენი აპარატი და 70-მდე რაკეტა გამოიყენეს, რომელთა ძირითადი სამიზნეც კიევი, ასევე ჟიტომირის, ნიკოლაევის, ხარკივის, სუმის, ოდესის ოლქები იყო.

"რუსებმა ღამით თითქმის 300 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, რომელთა უმეტესობა შაჰიდები იყო. გარდა ამისა, გაისროლეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო კიევი და ასევე ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესის, პოლტავას, დნეპრის, ნიკოლაევის, ხარკოვის და ჩერკასის რეგიონები. ეს იყო მიზანმიმართული იერიშები ჩვეულებრივ ქალაქებზე. საცხოვრებელი შენობები განადგურდა და დაზიანდა. კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის საერთო საცხოვრებლები დაბომბეს. ასევე დარტყმები განხორციელდა საწარმოებზე. სამწუხაროდ, ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ", - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსების მიერ განხორციელებული ყოველი მორიგი იერიში საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს.

"რუსეთის ყოველი ასეთი ტერორისტული დარტყმა საკმარისი მიზეზია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის. რუსეთი ამ ომს აჭიანურებს და ყოველდღიურად აგრძელებს მკვლელობას. შესაძლოა, მსოფლიომ შაბათ-კვირას შესვენოს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისაც და სამუშაო დღეებშიც. ამის იგნორირება შეუძლებელია. ამერიკის დუმილი, მსოფლიოს სხვა ადამიანების დუმილი მხოლოდ პუტინს ამხნევებს.

რუსეთის ხელმძღვანელობაზე ჭეშმარიტად ძლიერი ზეწოლის გარეშე, ეს სისასტიკე ვერ შეჩერდება. სანქციები ნამდვილად დაეხმარება. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება - შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვინც მშვიდობას ეძებს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით. პუტინი უნდა აიძულონ, იფიქროს არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.