ზელენსკი: ყველა ჩვენგანს უკრაინაში სურს, პრეზიდენტი ტრამპი იყოს თურქეთში შეხვედრაზე

ზელენსკი: ყველა ჩვენგანს უკრაინაში სურს, პრეზიდენტი ტრამპი იყოს თურქეთში შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სიტყვები მნიშვნელოვანია.

"წეღან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია.

მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ - საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიას საფუძველი მისცეს. და ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა.

მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. გულწრფელად ვთქვი, რომ შეხვედრისთვის მზად ვარ. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ.

რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უკრაინაში სურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე. ეს სწორი იდეაა. ბევრის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დაგეგმილ შეხვედრას "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, ამ შეხვედრას შეუერთდეს.

"ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე", - ამბობს დონალდ ტრამპი.