Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
როგორც ცნობილია, ზელენსკის სურვილია, აშშ-ში გამგზავრებისას ტრამპთან უკრაინის გამარჯვების გეგმაზე საუბარი, რათა ომში რუსეთი დამარცხდეს.
"ვფიქრობ, ჩვენ დიდი ალბათობით 26-27 სექტემბერს შევხვდებით", - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.
უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს ცალ-ცალკე შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რუსეთის დამარცხებით შესაძლებელია. უკრაინის პრეზიდენტს სწორედ ამ გეგმის გაცნობა და განხილვა სურს აშშ-ისთვის.