
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ომის შეწყვეტისთვის აუცილებელია ძლიერი დიპლომატია, რომელიც აგრესორზე – რუსეთზე ზეწოლას მოახდენს.
ზელენსკის თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც სრულმასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება განიხილება, თუმცა პუტინი ამ შეთავაზებას არ იღებს, რის გამოც მშვიდობა ვერ მიიღწევა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერი დიპლომატიის აუცილებლობას და გვსურს ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულება. თუმცა ყოველთვის გვახსოვს, რომ დიპლომატია მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა იგი ომის მიზეზზე – აგრესორზე ზეწოლას უწყობს ხელს.
ყოველდღიურად მსოფლიო ახალ-ახალ მტკიცებულებებს იღებს, რომ ამ ომის ერთადერთი მიზეზი რუსეთია. უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც სრულმასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება განიხილება, თუმცა მშვიდობა ვერ დამყარდა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინი ამ წინადადებას არ იღებს.
ამიტომ რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.