უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს.
"რუსეთი აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას. ღამით რუსებმა Shahed-ებით შეუტიეს ხარკივს, ოდესას და სუმის რეგიონებს. მტრის ერთ-ერთი დრონი ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. 18 ბინა განადგურდა. ცნობილია, რომ 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა ჩვენი პარტნიორებისგან. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტა - ეს არის ის, რაც გადაარჩენს სიცოცხლეს", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
გუშინ ღამით რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.