
ზელენსკი პირობას დებს, რომ წარადგენს კანონპროექტს „ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის“ გარანტირებისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინის პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს, რომელიც „გააძლიერებს სამართალდამცავ სისტემას“ და შეინარჩუნებს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის აუცილებელ ყველა საჭირო დებულებას.
"რა თქმა უნდა, ყველამ გავიგეთ, რას ამბობდნენ ადამიანები ამ დღეებში - სოციალურ მედიაში, ერთმანეთთან, ქუჩებში. ეს ყველაფერი უშედეგო არ არის. ჩვენ გავაანალიზეთ ყველა შეშფოთება, ყველა ასპექტი იმისთვის, თუ რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გაძლიერდეს.
მე უკრაინის ვერხოვნა რადას შევთავაზებ კანონპროექტს, რომელიც გააძლიერებს სამართალდამცავ სისტემას. აღარ იარსებებს რუსეთის გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში და - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა დებულება შენარჩუნებული იქნება. მე ველი ჩვენი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ლიდერების ჯგუფისგან, უკრაინის გენერალური პროკურორისგან წინადადებებს იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ეს იქნება საპრეზიდენტო კანონპროექტი და ჩვენ მას განვახორციელებთ სახელმწიფოს ტრანსფორმაციის ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
ზელენსკიმ ამავდროულად დასძინა, რომ მანდ სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებთან მან ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ჩამოაყალიბებდნენ უკრაინაში კანონის უზენაესობის გაძლიერების მიზნისკენ მიმართულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმასა და ნაბიჯებს.
***
შეგახსენებთ, რომ მთელი უკრაინის მასშტაბით სპეცოპერაციები ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) 21 ივლისს ჩატარდა, რაც უწყებაში "რუსული გავლენის ნეიტრალიზაციას" ემსახურებოდა.
22 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე იქნებოდნენ დამოკიდებული.
აღნიშნულ კანონპროექტს იმავე დღესვე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმაც
ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ, უკრაინის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.