მარკვეინ მალინი - სენატორი, რომელიც MEGOBARI Act-ის მიღებას ეწინააღმდეგება

მარკვეინ მალინი - სენატორი, რომელიც MEGOBARI Act-ის მიღებას ეწინააღმდეგება

MEGOBARI Act-ის "ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში" (NDAA) ჩართვას რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი აქტიურად ეწინააღმდეგება.

როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, მალინი კულისებიდან მოქმედებს. მაგალითისთვის, იგი შეხვდა სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ ტუნს, რის შემდეგაც, მალევე, აღნიშნული აქტი NDAA-ს შესწორებების პაკეტიდან ამოიღეს.

მაგრამ საინტერესოა ის, რომ წარსულში მალინი "ქართული ოცნების" მიმართ საკმაოდ მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა. მეტიც, 2019 წელს მალინმა კანონპროექტიც კი წარადგინა საქართველოსა და იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ამერიკელი ბიზნესმენების და აშშ-ის მთავრობის ინტერესებს ძირს უთხრიდნენ.

კერძოდ, 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მალლინმა ხაზი გაუსვა ორ ამერიკულ კომპანიას, რომლებიც საქართველოში გამოწვევების წინაშე იდგნენ. მან ისაუბრა Conti Group-ზე, რომელმაც 2019 წელს უარი თქვა შავი ზღვის პორტში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რადგან ვერ შეძლო მთავრობისგან თანხმობის მიღება. ასევე, მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ტეხასში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources საქართველოს მთავრობის მხრიდან შემაფერხებელი რეგულაციების სამიზნე გახდა.

ამ ზეწოლის კამპანიის შემდეგ კი, Frontera-ს ოპერაციები საქართველოში გაუმჯობესდა და ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გაუქმდა.

მალინი უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობასთან Frontera-ს გაუმჯობესებულ ურთიერთობებს რაიმე სახის გავლენა აქვს მის პოზიციაზე MEGOBARI Act-თან დაკავშირებით.

მისი თქმით, მისი ასეთი პოზიცია საქართველოს მთავრობასთან "ხიდების აგების" მოტივაციითაა განპირობებული. კერძოდ, განაცხადა, რომ მას ირაკლი კობახიძესთან "უკეთესი ურთიერთობა" აქვს და დაამატა, რომ კანონპროექტის მიღება აშშ-სა და თბილისს შორის კავშირებს ზიანს მიაყენებს.

იგი ამბობს, რომ სანქციების დაწესებამდე სურს იმუშაოს "ქართულ ოცნებასთან", რათა დაინახოს, თუ როგორ შეძლებენ "თავი დააღწიონ რუსეთის გადაჭარბებულ გავლენას."

"მე მესმის, საითკენ მიდიან ისინი ["ქართული ოცნება"]. ასევე მესმის რუსეთის პირდაპირი გავლენა და ის, თუ როგორ აღვივებს ის ზიზღს, ვფიქრობ, მთავრობაში. ამიტომ მინდა მათთან მუშაობა, სანამ სანქციებს დავუწესებთ. მინდა ვიმუშაო მათთან, რომ ვნახო, როგორ შეძლებენ ისინი, ასე ვთქვათ, ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვებას, რომ რუსეთის გადაჭარბებულ გავლენისგან თავის დაღწევას.

"კანონმდებლობას უამრავი ადამიანი უჭერს მხარს საჯაროდ. ის თითქმის შედიოდა NDAA-ში გასულ წელს. მან გაიარა წარმომადგენელთა პალატა და მიმდინარე წელს დაამტკიცა კომიტეტმა. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ერთმა სენატორმა შეძლო მისი ჩაგდება, საკმაოდ იმედგამაცრუებელია", - განუცხადა აშშ-ის კონგრესში არსებულმა წყარომ The Hill-ს.