არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა 2024 წლის 17 ნოემბერს მოხდა.

"სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.