ზაუტაშვილი: ბორდის სხდომაზე სიმართლის დამტკიცებას ვაპირებთ, თუ საჭიროა, სასამართლოში წავალთ

ზაუტაშვილი: ბორდის სხდომაზე სიმართლის დამტკიცებას ვაპირებთ, თუ საჭიროა, სასამართლოში წავალთ

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე მისვლას და პირველი არხის მხრიდან ბრალდებების საწინააღმდეგო სიმართლის დამტკიცებას აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლომდე მიტანას განიხილავენ.

"ჩვენ თავისთავად პასუხს მოვითხოვთ ბრალდებებისთვის, რომელიც... რაც მოვისმინეთ 21 რიცხვში, ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, ეს არ არის პატარა ბრალდებები და ამას, ვთქვი და გაატარე, ან შეშინდი და როგორც გინდა მოიქეცი - ეს ასე ვერ გაივლის. ბორდის შეკრებაა დასანიშნი, სავალდებულო, ალბათ, ხუთშაბათ დღეს იქნება და ჩვენ ვაპირებთ, მცველები, მისვლას და ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირებას, ასევე, ყველა იმ ბრალდების საწინააღმდეგოდ სიმართლის დამტკიცებას და თუ საჭიროა, აუცილებლად, სასამართლოშიც წავალთ", - თქვა ნინო ზაუტაშვილმა ფორმულას ეთერში.

ცოტა ხნის წინ პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ მეოთხე თვეა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის მიერ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია ხორციელდება.

განცხადებაში პირველი არხი აღნიშნავს, რომ იმ თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, "იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე".

საზოგადოებრივ მაუწყებელში ასევე ამტკიცებენ, რომ სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

განცხადება სრულად

22 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა ჟურნალისტების ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის განცხადებებზე და მიიჩნიეს, რომ ამით "პროკურატურა უნდა დაინტერესდეს".