რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ირწმუნება, რომ მოქალაქეებზე გავლენას დასავლური პროპაგანდა ახდენს, ხოლო რუსეთის კვალი ამ კანონპროექტის ინიციირებაში არ არსებობს.
"რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან, არც ქვეყნის ევროინტეგრაციის გეგმებთან, და არც იმ დრამატულ მოვლენებთან, რომლებსაც მთელი მსოფლიო ხედავს. ვნახე, რომ მომიტინგეების ნაწილი რატომღაც, როგორც ჩანს, დასავლური პროპაგანდის მცდელობებისადმი მგრძნობიარე აღმოჩნდა, მოეძებნათ ცნობილი "რუსული კვალი" იქ, სადაც ის საერთოდ არაა. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარ თავს იმის უფლებაც მისცა რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა მასხრად აეგდოთ. შესაძლოა ეს ვინმეს პროვოკაციაა. დასანანია", - ამბობს ზახაროვა.
ზახაროვა რუსულ კანონზეც საუბრობს და "ქართულ ვერსიას" აქებს. ის ქართული ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ხოლო ქართული კანონპროექტი მათ კანონებთან შედარებით უფრო მსუბუქია.
"ვაშინგტონსა და ბრიუსელში ითქვა, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც კომიკური სიტუაციაა. კანონის ქართული ვერსია გამომდინარეობს თავად აშშ-ში, საფრანგეთში და რიგ სხვა დასავლურ ქვეყანაში მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისგან და, სხვათა შორის, ბევრად უფრო რბილი ფორმისაა... რუსეთი არასდროს ჩარეულა და არც აპირებს რომ ჩაერიოს მესამე ქვეყნის შიდა საქმეებში", - თქვა ზახაროვამ.