გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ შეხვედრაზე ბერბოკს სთხოვეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართველ ხალხს აღუთქვას მხარდაჭერა, რადგან დღეს ევროპული მისწრაფებებისთვის "იბრძვის მხოლოდ ხალხი, ხელისუფლება კი პირიქით, საქმეს აფუჭებს".
"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ რუსული კანონი და რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე და შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ვიმსახურებთ ამ სტატუსს, უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ასევე გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება.
ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენს ხალხს, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი, რაც ვთხოვეთ მათ, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს სტატუსი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ძალიან დიდი სურვილია, ეს მოხდეს. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
მისი მხრიდან მხარდაჭერაა ხალხის მიმართ, რომ ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ეძებენ გზებს, როგორ შევხვდეთ და როგორ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ, ნამდვილად მათი მხრიდან მცდელობები არის, მათ შორის დახმარების და რეფორმების ჩატარების კუთხით. ამას ისინი გააგრძელებენ, რადგან ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. შესაბამისად, ეს იყო მისი მხრიდან. საერთო ჯამში, ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ", - თქვა ეკა გიგაურმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 2 დღის განმავლობაში იქნება. ის სამუშაო ვიზიტებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე შეხვედრები იგეგმება სხვა პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან.