ჯაბა ნათენაძე რუსულ კანონს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს.
ნათენაძის თქმით, მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს.
საბჭოს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.
"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.
სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.
ამიტომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო. მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ. ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს", - წერს ნათენაძე.
მანამდე, ქართული ოცნების წევრი თელავის საკრებულოში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენაშვილი გაემიჯნა ოცნების მიერ რუსული კანონის ინიცირებას და თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კონსტიტუცია და არ გადაუხვიონ ევროინტეგრაციის გზას.