ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე დასწრება მერცმა, რუტემ და სტარმერმა დაადასტურეს

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე დასწრება მერცმა, რუტემ და სტარმერმა დაადასტურეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერიც დაესწრებიან.

ინფორმაცია, რომ ლიდერები ევროპაში ჩავლენ, დაადასტურა NATO-ს ოფისმა, ასევე გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა და თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად ისიც გაემგზავრება.

მან X-ზე პოსტში დაწერა, რომ ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდება დონალდ ტრამპს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე ევროპიდან.

POLITICO წერს, რომ ევროპელი ლიდერები მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რათა გააძლიერონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.

ცნობილია ისიც, რომ შეხვედრას დაესწრება ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, რომელიც გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფავორიტი თანამესაუბრეა.

ასევე, შეხვედრაზე დასწრება დაადასტურეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონმა.

გამოცემა Bild წერს, რომ ევროპელი ლიდერები შეხვედრაზე დასწრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან თანხმობას მიიღებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება.