ვოლსკი: ძალადობის წყარო არიან ადამიანები, რომელშიც გაერთიანებულია ზუკა ბერძენიშვილი

ვოლსკი: ძალადობის წყარო არიან ადამიანები, რომელშიც გაერთიანებულია ზუკა ბერძენიშვილი

ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი სამოქალაქო აქტივისტზე, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ადამიანთა იმ ჯგუფში არიან გაერთიანებული, რომლებიც "ძალადობის წყარო არიან"

ვოლსკი ამტკიცებს, რომ პაპუაშვილის პოსტს ბერძენიშვილზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

"რეალურად, საშინელება ის არის, რომ ისინი თავის მიზანს აღწევენ. ეს ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი არის სწორედ ეს მიზანი, რომელიც დასახული აქვთ გარკვეულ ჯგუფებს, რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება აგრესია. ეს იციან კარგად და მუდმივად, ყოველდღიურად, ინტენსიურად აწარმოებენ იმას, იმ პოლიტიკას და იმ სტრატეგიას, რომ როგორმე საზოგადოებაში დაძაბულობა არ მოიხსნას და თუ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადმოდის, მათთვის ეს არის მთავარი ამოცანა და მიღწევა.

[...] არა, არ არის ეგრე, ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა და ამით მიუთითა რაღაცაზე. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის ის ადამიანები, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი", - ამბობს ვოლსკი.

***

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრნენ და თავს დაესხნენ. აქტივის სალომე ბარკერის ცნობით, მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს ბარკერი.

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.