ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა Telegram-ზე ავრცელებს.
1-ელ მაისს აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიჰალს გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც:
- უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
- უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
- უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
- აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
- ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
- შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.