ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი და დიპლომატი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ უკრაინამ უკვე ამ ეტაპზე უნდა მოახდინოს ყირიმის იზოლირება რუსეთისგან.
როგორც ვოლკერმა აღნიშნა, ყირიმი უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან რთული იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზღვაზე ამ ნახევარკუნძულის კონტროლის გარეშე.
მისივე თქმით, ახლა არ არსებობს არანაირი საჭიროება, რომ უკრაინამ ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნოს.
"ახლა აუცილებელია ყირიმის რუსეთისგან იზოლირება. კერძოდ, ამის გაკეთება შესაძლებელია ყირიმის ხიდის მორიგი აფეთქებით, ასევე, შესაძლებელია სევასტოპოლში სამხედრო ბაზის განადგურებითაც. ეს ნაბიჯები მკვეთრად ართულებს ყირიმის როგორც სამხედრო მოედნის გამოყენებას და მოახდენს მის იზოლირებას რუსეთის მხარდაჭერისგან. მგონია, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. ამის გაკეთება უკრაინას უკვე ახლა შეუძლია. ხოლო მუშაობა, რომელიც ყირიმის სრულ კონტროლს მოიცავს, შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ დაიწყოს", - თქვა ვოლკერმა.
კითხვას - როგორი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას ვლადიმერ პუტინის მხრიდან, დიპლომატი ასე პასუხობს:
"პუტინი უკვე ყველა რესურს იყენებს. მიმართავს თურქეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას. იწვევს წვევამდელებს. ამ ყველაფერს ახლა აკეთებს. ვარიანტები იმისა, თუ რა შეიძლება მან კიდევ მოიმოქმედოს, ძალიან შემცირებულია. ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ძალიან დაბალია. რადგან ამას პასუხი მოჰყვება", - აღნიშნა მან.