"დრო გვაჩვენებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები" - ასე პასუხობს საპარლამენტო ჯგუფის ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე კითხვას, შეუერთდება თუ არა ნიკა მელიას პარტიას.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნა "უფრო რეალურს ხდის მთავარი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების საკითხს, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა".
"მე არ მიფიქრია ამის თაობაზე, მე სხვა ჩარჩოში მოვიაზრებდი ჩემს თავს, მაგრამ დრო გვაჩვენებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უფრო რეალურს ხდის მთავარი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების საკითხს, ისეთი ბლოკისა, რომელიც იქნება ტოლფასი ან კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ასეთ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ალბათობით, გახარიას პარტიასაც შეუძლია გადალახოს ბარიერი შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილების მოდელი დავინახოთ. ამ ცენტრში მოვიაზრებ როგორც მთელ საპარლამენტო ოპოზიციას გარდა ორი პარტიისა, ასევე, დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს თუ პარტიებს, რომლებიც მეტი თავსებადობით ხასიათდებიან", - აცხადებს რომან გოცირიძე.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. მან ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ახალი პარტია "გონივრულ ვადაში" დაფუძნდება.