
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც პრეცედენტი შექმნა - 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მის მიმართ "დამოკიდებულებები შეიცვალა".
ფორმულას ეთერში, გადაცემაში ხალხთან ერთად მან თქვა, რომ "იყო და ახლაც არის და გრძელდება გარკვეული სახის მისთვის არასასიამოვნო მომენტები".
"მე მოკლედ ვიტყვი და ამას არ განვავრცობ, ჩემთვის მიუღებელია გარკვეული დროის შემდგომ, ან გარკვეული პირობების დადგომისას გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი, მით უფრო, საჯაროდ საუბარი - რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალა, არის გარკვეული სახის, იყო და ახლაც შეიძლება არის და გრძელდება გარკვეული სახის, ჩემთვის არასასიამოვნო მომენტები", - თქვა მან.
წამყვანის ჩაკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მის მიმართ ზეწოლას, ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ არ დააკონკრეტებს, რადგან მისივე თქმით, "მოსამართლის ფუნქცია და ამოცანა არის მედეგობა და მან უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაუპირისპირდეს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებიდან დაწყებული, დამთავრებული კერძო პირებით".
ვლადიმერ ხუჭუა აღნიშნავს, რომ მის მიმართ "არასასიამოვნო სიტუაციებს" არ მიუღია ისეთი სახე, რომ გამოძიებისთვის მიემართა. ის კვლავ ამბობს, რომ მზადაა ემსახუროს სიმართლეს.
"ყველაზე მარტივი ფორმულირება, რაც შეიძლება მოეძებნოს ამას, იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო სიტუაცია ჩემს მიმართ, სხვა პირების მიმართ, თუმცა ამას არ მიუღია ისეთი სახე, რომ მე ჩამეთვალა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საჯაროდ ცნობილი, არ ყოფილა ჯერჯერობით [გამოძიებისთვის მიმართვის] საფუძველი, თუმცა, გამოძიების მიმართვაზეც მე გარკვეული სახის ანალიზი, შეიძლება, დამჭირდეს, თუმცა, კიდევ ვამბობ - მე მზად ვარ ყველაფრისთვის და ვთქვი კიდეც, მარტოც რომ ვიყო და დავრჩე, ვიცი, რაც გავაკეთე და ვიცი, რომ ვემსახურები სიმართლეს და ჩემი მხრიდან არც ყოფილა არასდროს და ვერც იქნება ამისგან გადახვევა", - ამბობს ის.
წამყვანის კითხვას, ჰყავს თუ არა მას მხარდამჭერები სასამართლო სისტემიდან, ვლადიმერ ხუჭუა არ პასუხობს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავისი გადაწყვეტილების გამო "მარტოა", რაზეც აკონკრეტებს, რომ არ გულისხმობს საზოგადოებას.
"ჩემი გადაწყვეტილების გამო, შეიძლება ითქვას, რომ მარტო ვარ. მაგრამ, არ ვგულისხმობ საზოგადოებას. მე მაქვს შეგრძნება, რომ მარტო ვარ. მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების, ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას", - ამბობს ის.
**
4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
მოგვიანებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.