"ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას - ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?" - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე შალვა თადუმაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ ინიციატივას.
თადუმაძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგი "მის მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია".
"პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები თუკი წაიკითხავენ, ნათლად დაინახავენ ვადის დაურღვევლად, მაღალი დასაბუთების ხარისხით მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებებში კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მიდგომებს.
რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაქვს 23 წლიანი, უწყვეტი იურიდიული პრაქტიკა. აქედან, 12 წელი, კერძო სექტორში ვმუშაობდი და მიჩნეული ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატად; ხოლო, ბოლო 11 წლის განმავლობაში, დღემდე, სახელმწიფო სამსახურში, ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ყოველწლიურად ხორციელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის სრულყოფილი მონიტორინგი და დღემდე, არსებითი დარღვევა შესაბამის სამსახურს ჩემს დეკლარაციაში არ აღმოუჩენია", - განუცხადა თადუმაძემ ფორმულას.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.