სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გმობენ და აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის რიტორიკა იმეორებს კრემლის პოზიციას.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის გამოსვლა სრულად თანხვედრაშია კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, NATO-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
"პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.
სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ ორგანიზაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.
გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.
"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.