კულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკის გამო, კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ - ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
"ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!
პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.
პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.
კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.