იტალიის ქალაქ ვენეციასთან ესტაკადიდან ავტობუსი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. გარდა ამისა, 18-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
როგორც სხვადასხვა მედია წერს, ავტობუსმა ბარიერი გაარღვია და რკინიგზის ლიანდაგთან ჩავარდა მესტრის რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება.
დაღუპულებს შორის ხუთი უკრაინელი, ერთი გერმანელი და იტალიელი მძღოლი არიან.
ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუგნარომ განაცხადა, რომ "უზარმაზარი ტრაგედია" მოხდა.
როგორც ცნობილია, ავტობუსი დაიქირავეს ტურისტების გადასაყვანად მარგერას რაიონში მდებარე ბანაკიდან ვენეციაში. ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 19:45-ზე მოხდა, როდესაც ავტობუსი ტურისტებს ბანაკში აბრუნებდა.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.