გერმანიის ოსნაბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ალბრეხტ ვებერი და ავსტრალიის ბონდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ბაბეკი რუსულ კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
მოსაზრება საკმაოდ ვრცელია და მასში დეტალურადაა განხილული, თუ რომელი მუხლები ირღვევა კანონის ამოქმედებით.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრების დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონი გამჭვირვალობის შესახებ მისი არსებული ფორმით, შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.
საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის თანახმად: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ "78-ე მუხლით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულების მიზნის შეუსრულებლობას, შეიძლება ჰქონდეს სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები".
"ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობის კანონზე და შეეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს ვალდებულების მიზნებს, შეიძლება მიჩნეულ იქნას უკანონოდ; მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა შეიძლება სახელმწიფოს უჩივლონ მისი შეუსრულებლობის გამო; სასამართლოებმა შეიძლება განიხილონ საკითხი, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებებს. ასევე, შეიძლება გამოიფიტოს საზოგადოების ნდობა მთავრობისადმი.
ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება მიგვიყვანოს აქტივიზმამდე და პოლიტიკურ წნეხამდე, ასევე ამ მიზნების უგულებელყოფამ შეიძლება შეამციროს მათი მნიშვნელობა. როგორც ზემოთ იქნა ხაზგასმული, კონსტიტუციური მიზნების შეუსრულებლობამ შეიძლება დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია"- ნათქვამია მოსაზრებაში.
გარდა ამისა, მოსაზრების თანახმად, გამჭვირვალობის კანონის გარკვეული დებულებები არ შეესაბამება ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი (ECHR; ICPCR) და შეუთავსებელია კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან (უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები; პროპორციულობა);
სასამართლოს მეგობრის მოსაზრების სრული ვერსია.
გამოცემა პუბლიკას ცნობით, მოსაზრების ერთ-ერთი ავტორი ალბრეხტ ვებერი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი თავმჯდომარის მერაბ ტურავას წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ის წინა ხელისუფლების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა.