ვატიკანში პირველი კენჭისყრა პაპის არჩევის გარეშე დასრულდა

ვატიკანში პირველი კენჭისყრა პაპის არჩევის გარეშე დასრულდა

სიქსტეს კაპელიდან შავი კვამლი ამოვიდა — რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ კენჭისყრაზე კარდინალებმა ახალი, რიგით 267-ე პაპის არჩევა ვერ შეძლეს.

შავი კვამლი ტრადიციულად მიუთითებს, რომ კარდინალთა კოლეგიას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება და კენჭისყრის შემდეგ არავინ დააგროვა ხმების საჭირო ოდენობა — მინიმუმ ორი მესამედი.

კონკლავის მონაწილე 133 კარდინალს გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე მოუწევს კენჭისყრის გაგრძელება — შესაძლოა, პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ამ კარდინალების დაახლოებით 80% პაპ ფრანცისკემ დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან მრავალი პირველად იღებს მონაწილეობას პონტიფიკოსის არჩევის პროცესში.

შემდეგი კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ვატიკანის კვამლის ფერი კვლავაც იქნება მსოფლიოსთვის ერთადერთი სიგნალი იმის შესახებ, არჩეულა თუ არა ახალი პონტიფიკოსი.