საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს, რომ 18:00 საათიანი მოამბის წამყვანი აღარ არის.
მისი თქმით, მენეჯმენტმა აცნობა, რომ 4 თებერვლიდან - "არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება".
მისივე თქმით, მენეჯმენტმა ამის მიზეზად დღევანდელ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოამბის პროდიუსერების განცხადება დაასახელა, რომლებმაც დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება", - წერს ის.
30 იანვარს მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენა ვასილ მაღლაფერიძეს აქვს.